|
|
ანსამბლი
ანზორ ერქომაიშვილი  ანზორ ერქომაიშვილი – ანსამბლ “რუსთავის” დამაარსებელი და სამხატვრო ხელმძღვანელი, საქართველოს სახალხო არტისტი, შოთა რუსთაველის, იაკობ გოგებაშვილის, ნიკო ბერძენიშვილის, ექვთიმე თაყაიშვილის და ზაქარია ფალიაშვილის სახელობის პრემიების ლაურეატი; ალბერტ შვაიცერის პრემიის ლაურეატი (ანსამბლ რუსთავთან ერთად), ასევე სტუდენტთა და ახალგაზრდობის მე-6 მსოფლიო ფესტივალის ლაურეატი (1968 წელს). ბატონი ერქომაიშვილი გახლავთ თბილისის სახელმწიფო კულტურის ინსტიტუტის კათედრის გამგე – პროფესორი, ასევე ქართული ხალხური სიმღერის საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელი.
ანზორ ერქომაიშვილი დაიბადა 1940 წელს ქალაქ ბათუმში. იგი 300 წლიანი მუსიკალური დინასტიის მეშვიდე თაობის წარმომადგენელია. მისი ბაბუა, არტემ ერქომაიშვილი მთელ საქართველოში განთქმული ლოტბარი და მომღერალი იყო. მან გენეტიკურად მიიღო ხალხური მუსიკალური კულტურის, მისი საშემსრულებლო ტრადიციების ღრმა ცოდნა.
ანზორ ერქომაიშვილმა დაამთავრა თბილისის კონსერვატორია. 1961 წელს სხვებთან ერთად ჩამოაყალიბა ანსამბლი “გორდელა”, რომელიც 1968 წელს სოფიაში მსოფლიო ფესტივალის ლაურეატი გახდა.
1968 წელს მან ჩამოაყალიბა მსოფლიოში აწ უკვე სახელგანთქმული ანსამბლი “რუსთავი”, რომელსაც დღემდე ხელმძღვანელობს.
1976 წელს, ანზორ ერქომაიშვილმა ჩამოაყალიბა და სათავეში ჩაუდგა ბიჭუნათა ანსამბლ “მართვეს”. “მართვეში” აღზრდილი თაობები დღეს უკვე ხელმძღვანელობენ სხვადასხვა ანსამბლებს.
ბატონი ერქომაიშვილი 40 წელია მუშაობს გრამოფონის ფირფიტების მოძიებასა და აღდგენაზე, მან მსოფლიოს სხვადასხვა არქივებში მოიძია და მიაკვლია 500-ზე მეტ ქართული ხალხური სიმღერის ფონო ჩანაწერს 1901-30 წლების ჩათვლით, რომლებიც გამოსცა ფირფიტების და კომპაქტ-დისკების სახით.
ანზორ ერქომაიშვილმა ათეული წლების განმავლობაში მოიარა საქართველოს ყველა რაიონი, ძველი მომღერლებისაგან ჩაიწერა და ნოტებზე გადაიტანა ქართული პოლიფონიური სიმღერების იშვიათი ნიმუშები, რომლებიც გამოსცა სანოტო კრებულების სახით. მათ შორის აღსანიშნავია: “სანოტო კრებული არტემ ერქომაიშვილის რეპერტუარიდან”. ასევე 2006 წელს ანზორ ერქომაიშვილმა გამოსცა 1901-50-იან წლებში ჩაწერილი ქართული სიმღერების კატალოგი. იმავე წელს გამოვიდა მისი ნაშრომი: “ქართული ხალხური სიმღერების უნიკალური ფონოჩანაწერები 1901-1914 წლები”.
ბატონ ანზორს გამოცემული აქვს რამდენიმე წიგნი: “ბაბუა”, “შავი შაშვი ჩიოდა”, “ხმა უცნაური”, “მივალ გურიაში მარა” და სხვა. იგი ბევრი საინტერესო ნაშრომისა და გამოკვლევის ავტორია.
20 წელზე მეტი მიჰყავდა საქართველოში პოპულარული ტელეგადაცემების ციკლი – “მრავალჟამიერი”, რომელიც ქართულ ხალხური სიმღერების დაცვასა და მოვლა-პატრონობას ემსახურებოდა.
უნდა აღინიშნოს, რომ ანზორ ერქომაიშვილმა ქართული სიმღერები შეასწავლა ბევრ უცხოელს და დღეს ქართულ ხალხურ სიმღერებს მღერიან აშშ-ში, საფრანგეთში, შვედეთში, იაპონიაში, ისრაელში, გაერთიანებულ სამეფოში, კანადაში და სხვა მრავალ ქვეყანაში.
2001-06 წლების ჩათვლით ანზორ ერქომაიშვილი გახლდათ იუნესკოს ფოლკლორის კომისიის წევრი. 2001 წლის 18 მაისს ქართული ხალხური სიმღერა იუნესკომ აღიარა “კაცობრიობის ზეპირი სიტყვიერებისა და ხელთუქმნელი საგანძურის შედევრად”. ეს პროექტი სახელწოდებით “ჩაკრულო” მოამზადა და იუნესკოში წარადგინა თავად ბატონმა ერქომაიშვილმა.
ანზორ ერქომაიშვილმა მთელი თავისი შემოქმედება ქართული ხალხური სიმღერების მოკვლევა-აღორძინებისა და პოპულარიზაციის საქმეს მოახმარა.
* * *
20 მარტი, 2007
ბატონ ანზორ ერქომაიშვილს
როგორც თქვენთვის ცნობილია, 2006 წლის 12 აპრილს ძალაში შევიდა “არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის 2003 წლის კონვენცია”. დღეისათვის 74 წევრმა ქვეყანამ მოახდინა ამ საერთაშორისო დოკუმენტის რატიფიკაცია, რაც წევრ ქვეყნებს უზრუნველყოფს ისეთი მექანიზმებით, რომლებიც მათ დაეხმარება ცოცხალი მემკვიდრეობის იდენტიფიკაციაში, თაობიდან თაობაზე გადაცემასა და დაცვაში, რაც ესოდენ აუცილებელია კულტურული მრავალფეროვნების შენარჩუნებისათვის.
2003 წლის კონვენციის ძალაში შესვლით (პუნქტი 31), იუნესკომ დაასრულა “კაცობრიობის არამატერიალური მემკვიდრეობის შედევრების” აღიარების პროგრამა. ამ პროგრამიდან კონვენციაზე გადასვლის უზრუნველსაყოფად, შედევრები შეტანილ იქნა კაცობრიობის არამატერიალური მემკვიდრეობის შედევრების წარმომადგენლობით სიაში კონვენციის მე-16 პუნქტის თანახმად.
თქვენი დახმარებით და თქვენს ბრძნულ რჩევებზე დაყრდნობით მე გამოვარჩიე კულტურული ექსპრესიის ფორმისა და კულტურული სივრცის 90 ერთეული მსოფლიოს 70 ქვეყნიდან, რაც მოიცავს მსოფლიოს ყველა რეგიონს 2001, 2003 და 2005 წლების აღიარების პროგრამებიდან. ასზე მეტმა ქვეყანამ მიიღო აქტიური მონაწილეობა იუნესკოს ამ ინოვაციურ პროგრამაში.
შედევრების გამოცხადებამ მნიშვნელოვანი შედეგი გამოიღო. პროგრამამ ოფიციალური აღიარება მოიპოვა. მან საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება მიაპყრო ერთის მხრივ იმ ფაქტორებს, რომლებიც ემუქრება კულტურული ექსპრესიის მრავალფეროვნებას, ხოლო მეორეს მხრივ - მისი დაცვის სხვადასხვა საშუალებებისა და მეთოდების შემუშავებას. ზოგიერთი ქვეყნის მთავრობებმა განახორციელა მთელი რიგი ინიციატივებისა, მათ შორის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ორგანიზაციების შექმნა, ინვენტარიზაციის ჩატარება და ეროვნული კანონმდებლობის შემუშავება.
აღიარების პროგრამამ ბიძგი მისცა ცოდნის ამაღლებასა და დაცვითი ღონისძიებების გატარებას, რამაც ხელი შეუწყო კონვენციის დაჩქარებული ტემპით ძალაში შესვლას. 2001 წლიდან მიღებულმა გამოცდილებამ საშუალება მოგვცა გაგვეტარებინა ეფექტური და კონკრეტული ღონისძიებები მემკვიდრეობის დაცვის კუთხით. ეს გახლავთ ის მყარი საფუძველი, რომელზეც უნდა აშენდეს მომავალი მთავრობათაშორისო კომიტეტი, რომელიც პასუხისმგებელი იქნება კონვენციის გატარებაზე.
უდიდესი სიამოვნებით მინდა აღვნიშნო, რომ კონვენციის ძალაში შესვლით აღიარების პროგრამამ თავის მიზნებს მიაღწია. დღეისათვის, 90 გამოცხადებული შედევრიდან დაახლოებით 50, ძირითადად განვითარებული ქვეყნებიდან, სარგებლობს იუნესკოს ტექნიკური და ფინანსური დახმარებით. ცხადია, აღიარებული შედევრების დაცვის ღონისძიებები გაგრძელდება.
ახლა, როდესაც აღიარების პროგრამა დასრულდა და საერთაშორისო ჟიურიმ მანდატი ამოწურა, მსურს გამოვხატო უდიდესი მადლიერება თქვენს მიმართ ბრწყინვალედ ჩატარებული საქმისა და თქვენი პირადი, როგორც აღიარების პროგრამის ჟიურის წევრის, წვლილის გამო. თქვენმა აქტიურმა თანამშრომლობამ განაპირობა ამ პროგრამის წარმატება. იმედს ვიტოვებ, რომ თქვენ კვლავაც დაუჭერთ მხარს იუნესკოს საქმიანობას კულტურული ექსპრესიის ფორმების დაცვის საქმეში. რაც მოითხოვს ჩვენს კოლექტიურ პასუხისმგებლობასა და ურყევ მობილიზაციას.
მაქვს პატივი გადმოგცეთ აღიარების პროგრამის შედეგი - 2005 წელს გამოცემული ბროშურა, რომელშიც წარმოდგენილია იუნესკოს მიერ აღიარებული 90 შედევრი. არამატერიალური მემკვიდრეობის განყოფილება ყოველთვის მოგაწვდით დამატებით ინფორმაციას პროგრამის თაობაზე და კონვენციის ფარგლებში ჩატარებული საქმიანობის შედეგებს.
ნება მომეცით კიდევ ერთხელ გამოვხატო ჩემი გულწრფელი მადლობა ნიშნად აღიარების პროგრამის ჟიურის წევრად თქვენი აქტიური თანამშრომლობისა და გისურვოთ წარმატება თქვენს მომავალ საქმიანობაში.
პატივისცემით,
კოიშირო მაცუურა
|