ნსამბლი

ანსამბლის მიზანია ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის ფართო მასებში პოპულარიზაცია ყველა შესაძლო კომერციული და არაკომერციული ხერხით. “რუსთავი” ხშირი სტუმარია საერთაშორისო ფესტივალების და ქართული კულტურისა და ფოლკლორის სრულყოფილი დესპანია საერთაშორისო მასშტაბებით.ყოველდღიურმა საქმემ, ინტენსიურმა შემოქმედებითმა შრომამ ისეთნაირად დააკავშირა ანსამბლის წევრები, რომ დღეს მათი სახელები გაიგივებულია ანსამბლ ”რუსთავის” ცნებასთან. ეს სამაგალითო ერთსულოვნება თვალსაჩინოდ მოქმედებს მომღერალთა და მოცეკვავეთა არა მარტო პროფესიულ, არამედ ზნეობრივ ღირსებებზედაც.
ანსამბლის წევრთა ხელოვნებას ღრმა ფესვები აქვს. მათი ოსტატობა გამოიწრთო ხალხური მუსიკის, ხალხური საშემსრულებლო ხელოვნების წიაღში. იგი ამ წიაღთან გენეტიკურადაა დაკავშირებული, იქიდანაა ამოზრდილი და სწორედ ამაშია მისი ძალა.
ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელის ანზორ ერქომაიშვილის, ქორმეისტერის ბადრი თოიძისა და მთავარი ქორეოგრაფის ფრიდონ სულაბერიძის თავდაუზოგავმა შრომამ და ანსამბლის მსახიობების ერთიანმა ძალისხმევამ მთავარი როლი ითამაშა “რუსთავის” შემოქმედებითი სულის ჩამოყალიბებაში.
საბრძოლო და შრომის ცეკვები და სიმღერები, ეროვნული ტანსაცმელი და უნიკალური პოლიფონიური მრავალფეროვნება არის ანსამბლის მარკა საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ.
ანსამბლის რეპერტუარში შედის ისეთი ცეკვები, როგორიცაა: ქართული, აჭარული, რაჭული, სამაია, ხორუმი, ფარიკაობა და მრავალი სხვა.
ანსამბლის ცეკვები სრულდება ტრადიციული საკრავების თანხლებით, რაც ეფექტურ კომბინაციას წარმოადგენს. ანსამბლ "რუსთავის" შემოქმედებიდან ჩანს, რომ ქართველი ხალხი ჩინებულად ფლობდა, საშემსრულებლო ხელოვნების საკუთარ, უნიკალურ სტილს, რომელიც განსაცვიფრებელ მოვლენას წარმოადგენს ინტონირების, ვოკალიზაციის, ვირტუოზულობამდე აყვანილი საშემსრულებლო ტექნიკის მხრივ.
ამ მომენტისთვის ანსამბლის წევრია 10 მომღერალი და 50 მდე მოცეკვავე მსახიობი და ინსტრუმენტალისტი.

მომღერლები

რუსთავის მომღერლები ოსტატურად ფლობენ და შემოქმედებითად ანვითარებენ სინქრონული იმპროვიზაციული აზროვნების იმ იშვიათ უნარს, საქართველოს სხვადასხვა კუთხის მრავალხმიან სიმღერებში სხვადასხვაგვარად რომ ვლინდება და განვითარების უმაღლეს მწვერვალს აღწევს გურულ პროფესიულ სიმღერებში.

მომღერლების გვერდი

მოცეკვავეები

ანსამბლ “რუსთავის” მოცეკვავეთა გუნდის შემოქმედებით მოღვაწეობას, როგორც ეროვნულ ისე მსოფლიო ქორეოგრაფიულ ასპარეზზე ახლავს დამახასიათებელი, გამორჩეული ტრადიციული სტილი.
მოცეკვავეების გვერდი